ახალი კვლევა:უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის წინააღმდეგია

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად უკრაინელების 84% წინააღმდეგია რუსეთის მიმართ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობისა, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად – თუნდაც ომი გაგრძელდეს და იყოს მუქარები მათი დამოუკიდებლობისთვის.

სატელეფონო გამოკითხვა 6–დან 20 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

წინა კვლევის შემდეგ, რომელიც მაისში ჩაატარეს, უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია, 2%–ით გაიზარდა. იმ ადამიანთა რაოდენობა კი, ვინც მზად არის მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა მოხდეს, სტაბილურად 10% რჩება.

“აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლებს შორისაც კი, სადაც ახლა ინტენსიური ბრძოლებია, 77% დათმობების წინააღმდეგია (დათმობების მომხრე მხოლოდ 16 პროცენტია), სამხრეთელებს შორის კი დათმობების წინააღმდეგია 82% (მომხრეა 10%)“– ამბობენ კვლევის ავტორები.

დათმობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა უკრაინის აღმოსავლეთში ბოლო ერთ თვეში 68–დან 77%–მდე გაიზარდა.

“გამოკითხვის შედეგები მეტყველეს, რომ მიუხედავად დაღლილობის ზრდისა, სოციალურ–ეკონომიკური სიტუაციის გართულებისა, მძიმე ბრძოლებისა და ტერორისტული შეტევებისა, უკრაინელები ინარჩუნებენ ერთიანობას იმ საკითხში, რომ აგრესორთან დათმობაზე წასვლა არ შეიძლება“–აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

გამოკითხვა არ ჩატარებულა ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის იმ რაიონებში, რომლებსაც უკრაინა ვერ აკონტროლებს, ასევე იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა დატოვეს. კვლევაში ცდომილების ალბათობა 2,4 პროცენტია.