ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცნო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ ინფექციურში 1 ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს, რომლის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19  12 პირს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებლი მხოლოდ 36-ია, დანარჩენებს გამოიკვლევენ.

„ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია“,- ამბობს ეზუგბაია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 170 პირიდან, 36 გამოჯანმრთელდა. 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი – 79 წლის ქალი გარდაიცვალა.