ასობით სატვირთო მანქანის რიგია გაჭიმული პოლნეთ–ბელორუსის საზღვარზე, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის ტერიტორია დატოვონ. ზოგიერთი მძღოლი უძრავ კოლონაში 30 საათზე მეტია დგას.
სატვირთო მანქანების რიგი, რომელიც სიგრძეში 80 კილომეტს აღწევს, საზღვარზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც 16 აპრილს ძალაში შევიდა სანქციების მეხუთე პაკეტი მოსკოვის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით რუსეთის და ბელორუსის სატვირთო მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ყოფნა აეკრძალათ.
გამონაკლისი დაიშვება წამლების, ფოსტის და ნავთობპროდუქტების გადამზიდავებისთვის.
ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ელის ათასობით სხვა სატვირთო მანქანას, რომლებიც დამკვირვებლების შეფასებით ამ მომენტისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაძლოა მათი კონფისკაცია ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მოახდინონ.