ახალი შეზღუდვები და კომენდანტის საათი ოკუპირებულ აფხაზეთში

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საგანგებო მდგომარეობა გაამკაცრა: მოსახლეობისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა და კომენდანტის საათი შემოიღო. მოსახლეობას  სახლების დატოვება ეკრძალება. გადაადგილების უფლება კი მხოლოდ  პროდუქტის საყიდლად და სამედიცინო მომსახურებისთვის აქვთ. წესების დარღვევის გამო გათვალისწინებულია 3 ათასი რუბლის ჯარიმა. გაგრაში მოქმედებს კომენდანტის საათი.

ექსპერტები აფხაზეთში შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებენ და ამბობენ, რომ  ადგილობრივ ექიმებს არ აქვთ სამედიცინო აღჭურვილობა, ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა, რაც შეუძლებელს ხდის ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის დადგენას. მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, საქართველო- რეგიონის მოსახლეობისათვის ერთადერთი იმედია.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტი იყოს. ამის მიზეზი კი რუსეთიდან დიდი რაოდენობით მოქალაქეების შესვლაა.