ახალი წლის აღნიშვნა 28 მუნიციპალიტეტს 5 მილიონი ლარი უჯდება – ”ფლანგვის დეტექტორი”

ახალი წლის აღნიშვნა 28 მუნიციპალიტეტს ₾5 მლნ უჯდება – ამის შესახებ ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ მომზადებულ კვლევაში.

2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N2168 განკარგულება გამოსცა, რომელიც პროექტის, “ახალი წლის დღეები საქართველოში” ორგანიზებას შეეხება. განკარგულების მიხედვით, საქართველოს 30 მუნიციპალიტეტს, მათ შორის დუშეთის, ქუთაისის, ოზურგეთის, თეთრიწყაროს, კასპის, მესტიის, ხარაგაულის, ქობულეთის, ახალქალაქის, დმანისის, ასპინძის, გორის, ბოლნისის, წალკის, მარნეულის, შუახევის, ხაშურის, თელავის, ახმეტის, საჩხერის, ყაზბეგის, ხულოს, წყალტუბოს, ჭიათურის, ბორჯომის, ყვარლის, გურჯაანის, საგარეჯოს, ფოთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს დაევალათ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამარტივებული შესყიდვების გამოცხადების უფლება მიენიჭათ.

პროექტის “ახალი წლის დღეები საქართველოში,” განხორციელებისთვის ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ გამარტივებული შესყიდვები უკვე გამოაცხადა. ხელშეკრულებები ჯერ-ჯერობით გაფორმებული არ არის, თუმცა მათი სავარაუდო ღირებულება 4,580,183 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ორ მუნიციპალიტეტს, ლანჩხუთსა და ხელვაჩაურს, გამარტივებული შესყიდვა ამ დრომდე არ აქვს გამოცხადებული.

სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ვკითხულობთ, რომ ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ვინაიდან ახალი წელი წლის მთავარი მოვლენა და ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაულია, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება. აღნიშნულია ისიც, რომ ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მუნიციპალიტეტებს მთავრობის N2168 განკარგულებით ეთხოვათ ღონისძიებების უზრუნველყოფა, რაც წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს მთავრობა წინასაახალწლო განკარგულებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების უფლებამოსილებას აძლევს. მაგალითად, 2022 წლის 29 ნოემბერს “საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ” განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ 62 მუნიციპალიტეტს დაავალა ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა. ღონისძიებები მოიცავდა კონცერტებს, საშობაო ბაზრობებს, გამოფენა-გაყიდვებს, საბავშვო გასართობი სივრცეების მოწყობას, ფეიერვერკებს და სხვა აქტივობებს.

“ფლანგვის დეტექტორმა” შარშან 62-დან 28 მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ სხვადასხვა აქტივობებისთვის საერთო ჯამში 4,684,470 ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტები წლიდან წლამდე ათასობით ლარს ხარჯავენ საახალწლო დღესასწაულებზე, საკმაოდ ხშირად კი ხელშეკრულება არა ელ.ტენდერის, არამედ გამარტივებული შესყიდვის გზით ფორმდება. საყურადღებოა ისიც, რომ უკვე გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა გამარტივებული შესყიდვების გზით ისეთი დღესასწაულების დაორგანიზება, რომლებიც ყოველწლიურად იმართება და შესაბამისად, როგორც თბილისის მერიას, ისე სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მათი წინასწარი პროგნოზირება და დაგეგმვა შეუძლიათ. ხელშეკრულებების ელექტრონული ტენდერების გზით გაფორმება, არა მხოლოდ ამცირებს კორუფციის რისკებს, არამედ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს.

2024 წლის აღსანიშნავად ყველაზე დიდ თანხებს ხარაგაულის, ბორჯომის და ოზურგეთის მერიები ხარჯავენ. თითოეულ მათგანს ახალი წლის აღნიშვნა 286 ათასიდან 328 ათას ლარამდე უჯდებათ. ყველაზე მოკრძალებულ თანხებს რეგიონებიდან კი გურჯაანის მერია დახარჯავს, რომელმაც ახალი წლის აღსანიშნავად 88,500 ლარი გამოყო.