საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. დაკავებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში, ახალქალაქში, პირთა ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.გ-მ მოკვლის განზრახვით, იარაღიდან გასროლით ვ.მ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.გ. 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
პროკურატურა ა.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.