ახალციხეში COVID-19-ით გარდაიცვალა მამა-შვილი, რომელიც კლინიკამ არ მიიღო

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ექიმის თქმით, ინფიცირებულებს კლინიკაში მიღებაზე უარი უთხრეს.

“ჩვენმა ექიმმა თქვა, დაუძახეთ სასწრაფოსო. სასწრაფომ თქვა, აუცილებელია საავადმყოფოში წასვლა. მომაკვდავი გოგო სახლში იყო, თვითონ [მამა] წავიდა მეორე გოგოსთან ერთად საავადმყოფოში, იქ უთხრეს, რომ დღეს გიორგობაა, ექიმები არ არიან, უკან ტაქსით ჩამოვიდა ტირილით, გუშინწინ გოგო მოკვდა, გუშინ დილით თვითონ მოკვდა”,– ამბობს გარდაცვლილების ნათესავი, ლიდა პოღოსოიანი რუსთავი 2–თან ინტერვიუში.

ექიმის, ვაჰან ვაჰანიანის თქმით, კოვიდინფიცირებული მამა-შვილი თავად გასინჯა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ახალციხის კლინიკაში გაგზავნა, თუმცა კლინიკამ არ მიიღო.

“მამა-შვილი ავად იყვნენ, გავსინჯე და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე და ახალციხის კლინიკაში გავაგზავნე, რადგან მეც ავად ვარ და საკმაო რაოდენობის ავადმყოფები მყავს ადგილზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სახლში არ შევიდა, ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტი კლინიკაში თავად უნდა მისულიყო. მოხუცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თანასოფლელებმა წაიყვანეს, იქ ექთნებს უთქვამთ, რომ ადგილები არ ჰქონდათ, ამის შემდეგ უკან გამობრუნდა და მეორე დღეს, დილის 6 საათზე გარდაიცვალა,”- ამბობს ექიმი ვაჰან ვაჰანიანი.