ზურაბ ჯაფარიძე დაჯარიმების და პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ წერს, რომ პროტესტის განმეორებით გამოხატვის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.
მისი თქმით, ამჟამად საგანგებო მდგომარეობას პოლიციის შენობის წინ აპროტესტებენ, თუმცა პოლიცია მოუწოდებთ, რომ დაიშალონ.
,,პროტესტის განმეორებით გამოხატვის შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ციხეში ჩაგსვამთო.
აგერ ვდგავართ და ახლა უკვე პოლიციის შენობის წინ ვაპროტესტებთ იგივეს, ანუ განმეორებით ჩავდივართ იგივე დანაშაულს და დაგვიჭირეთთქო.
არაო, დაიშალეთო”,- წერს Facebook-ზე ჯაფარიძე.
პოლიტიკური პარტია ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ აქციის ჩატარებისთვის, აქციის მონაწილეებთან ერთად 3000-3000 ლარით დააჯარიმა. იპოდრომზე სეირნობით გამოხატული პროტესტის შემდეგ, გირჩის რამდენიმე წევრი განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
ცნობისთვის, განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.