“ახლა, როცა მელია თავისუფალია, ველი რომ ყველა პარტია შევა პარლამენტში”- აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში ქართულ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და იქ გააგრძელონ მუშაობა. ამის შესახებ რიში Twitter-ზე წერს.
“გამიხარდა იმის დანახვა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდა. მისი გათავისუფლებით აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა შესრულდა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში 18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის დასრულებას.
ახლა როდესაც ბატონი ნიკა მელია თავისუფალია, ველოდები რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, პირობას შეასრულებენ – შეთანხმებას ხელს მოაწერენ, პარლამენტში თავიან ადგილებს დაიკავებენ და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ეს უსიამოვნო თავი დახურონ” – წერს ჯიმ რიში.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმაც.