სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ახლა საქმე კარგად არ არის”.
“კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია. როგორც იცით, მე და სენატორი შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია”,– ამბობს რიში.
მისი აზრით, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.
“ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდოთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება.
პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს”,– განაცხადა ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.