გასულ ღამეს ახმეტაში, სოფელ ქისტაურში, 40 წლამდე კაცის მოკლეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი “ეჭვიანობა” გახდა. სიტყვიერი დაპირისპირება ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დასრულდა.დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავეც, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად რამაზ ლეფსვერიძეს ესროლეს, რის შემდეგაც მან ჯაბა კვიცაშვილს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.
ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში.