ბადრი ჯაფარიძეს, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტონ

პარლამენტმა, შესაძლოა, ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტოს. ოცნების დეპუტატების ცნობით, ამის მიზეზი მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გახდეს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში ამ საკითხის განხილვას აპირებენ.

“როცა სასამართლოს დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. კანონში ასე წერია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხს განვიხილავთ და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიტანთ. ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის პრეროგატივაა”,- განაცხადა ოცნების დეპუტატმა IPN-თან საუბრისას.

ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ჯაფარიძე გუშინ სასამართლომ დამნაშავედ ცნო, პარლამენტს შეუძლია არ შეუჩეროს დეპუტატის მანდატი. ადვოკატი განმარტავს, რომ ამის საფუძველი თავად სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომელმაც ჯაფარიძე სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, გუშინ ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.