ბავშვების თვალწინ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა – ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა” – წერია პროკურატურის განცხადებაში.