ბავშვებს აძლევენ ფულს, რომელიც მომავალში მათი გასასტუმრებელი იქნება – ჯაფარიძე დახმარებაზე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, 17 წლის ჩათვლით ყველა საქართველოს მოქალაქე ბავშვს 200-ლარი გადაეცემათ.

ჯაფარიძის თქმით, მთავრობამ სესხი აიღო და დაურიგა იმ ბავშვებს, ვისაც ამ სესხის მომავალში გასტუმრება მოუწევს.

“17 წლამდე ბავშვებს ურიგებენ 200–200 ლარს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ ამ ბავშვების ცხოვრება დაალომბარდა და აიღო სესხი ქვეყნის გარედან, ეს ფული შემოიტანა და დაურიგა ამ ბავშვებს, ვისი გასასტუმრებელიც იქნება ეს სესხი მომავალში. ბავშვებს აძლევენ ფულს, რომელიც მათი გასასტუმრებელი იქნება. ამაში შუაში მთავრობა იტოვებს პროცენტს და ირიგებს ხელფასებს, ვითომ მაგარი საქმე გააკეთა”,– ამბობს ჯაფარიძე რუსთავი 2–ის ეთერში.

მისივე თქმით, ეს დახმარებები ანტიკრიზისულ მიზნებს არ ემსახურება, ეს არის “გარედან მოტანილი ფულის უბრალოდ გადანაწილება. ამას დაუძახო ანტიკრიზისული გეგმა, სასაცილოა”.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ გაღარიბებული ხალხისთვის ფულის დარიგება მოსყიდვაა, თუმცა საკამათო ისაა, რატომ არიან ადამიანები ისე ღარიბები, რომ მთავრობის “გადმოგდებული” მათხოვრული თანხა გულწრფელად უხარიათ. მისი თქმით, კამათი საჭიროა იმაზე, როგორ არ იყოს საზოგადოება ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში.

ცნობისთვის, მთავრობამ გადაწყვიტა, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200–200 ლარი დაურიგოს.