ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, ნერვიულობის საფუძველი კი არ არსებობს.
მისივე განცხადებით, პრობლემა, რომ სახალხო დამცველს პანსიონში არ უშვებდნენ, უახლოეს დღეებში გადაწყდება.
“რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ითქვას – ამჟამად, იქ პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი, სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არც ერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ეს ყველანაირი მიზეზი ნერვიულობისა აღმოფხვრილია.
იქ რეალურად ამჟამად ეს მდგომარეობა არის, ეს არის ამჟამად ამ დროისთვის მუშაობის შედეგი, ბუნებრივია, ეს არ იქნება საბოლოო წერტილი, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ რეალურად განხორციელდეს, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის რეალური მექანიზმების რეალური მუშაობა, ეს არის ამ წუთისთვის ეს მდგომარეობა, კომიტეტიც იქნება ჩართული ამ საკითხების გადაჭრაში” – თქვა სარჯველაძემ.