ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ სკოლებში მუსიკალური განათლება უნდა გადაიხედოს და მასწავლებლების კვალიფიკაცია ამაღლედეს. მან ამ საკითხზე კითხველი მიხეილ ჩხენკელს დაუსვა.
“თუ არის რაიმე ბერკეტი ან გათვალისწინებული, ან ნაფიქრი ან თუ შეიძლება რომ ვიფიქროთ სკოლაში მუსიკალური განათლების შეტანის კუთხით. საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართულებით. საპორტეპიანო დარგში რესურსები არის ძალიან ბევრი და დაინტერესება. ასევე, მევიოლინეებიც არიან და ა.შ. როგორ შეიძლება სკოლებში მუსიკალური განათლების გადახედვა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება?თუ არის ჩანიშნული ეს საკითხი?”,– თქვა ბოლქვაძემ.
მისი თქმით, მუსიკალური განათლების კუთხით მძიმე პრობლემები არსებობს “როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიონალური”.
“ეს აზიანებს ბავშვების კრეატივს, მათი ნიჭის გამოვლენას და თვითგანვითარებას. მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა. როგორც ამბობდნენ სწორედ ფიზიკური აღზრდა უნდა შემოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
უმრავლესობის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.