“ლელოს” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ბათუმიდან ადამიანებს აიძულებენ საჯარო სამსახურებიდან წავიდნენ თბილისში :ქართული ოცნების” აქციაზე.
ის მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, მმართველ პარტიას წინააღმდეგობა გაუწიონ და ამაზე საჯაროდ ისაუბრონ.
“თან ღირსების შემლახველად – გზაში გაჭმევთ და 50 ლარს მოგცემთო სთავაზობენ. ვინც წასვლას არ აპირებს იმათ პრობლემების შექმნით და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. ბაღები, სკოლები, რესურსცენტრები, მომსახურების სააგენტოები, თეატრის თანამშრომლები და ა.შ.
ჩემო მეგობრებო, ვინც მირეკავთ და არ გინდათ ნაძალადევად ამ ფარსში მონაწილეობის მიღება, გაუწიეთ წინააღმდეგობა, გამოდით ღიად და ილაპარაკეთ. საჯაროობა არის მთავარი დაზღვევა, რის შემდეგადაც ვერავინ შეგეხებათ და ვერავინ გაბედავს სამსახურებიდან თქვენს გაგდებას.
გვერდით მიგულეთ თქვენი უფლებებისთვის ბრძოლაში, თუმცა ეს ძალა და რესურსი მხოლოდ თქვენშია, არც ჩემში და არც სხვა პოლიტიკურ გუნდებში. მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებას და გამბედაობას შეუძლია ამის გაკეთება”,– წერს კუპრაძე.
ცნობისთვის, ხვალ თბილისში მმართველი პარტია აქციის ჩატარებას გეგმავს.