დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, მოხდება ღამის კლუბების, ბუნგალოებისა და იქ მომუშავების პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა და ხვალიდან დაიწყება მათი სავალდებულო ტესტირება.
„საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთის ერთ-ერთ კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, სადაც ორი თანამშრომელი და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფები, ჯამში 5 ადამიანია ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის კიდევ ერთი შემთხვევა, მაგრამ ეს ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული.
მომზადდება მასალები და აღწერა რამდენი ღამის კლუბი, რამდენი ბუნგალო არის აჭარაში, ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, რამდენი თანამშრომელი მუშაობს იქ და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარვები, სადაც დამსვენებლებს ნებაყოფლობითი ტესტირების გავლას შესთავაზებენ.
„ასევე ვფიქრობთ და ვმუშაობთ საკითხზე, რომ თვითონ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება.
ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები, რასაც ვსაუბრობთ, ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა და დამუშავება, დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, რადგან ახლა აქტიური სეზონია, ადამიანების მობილობა გაზრდილია, ფრენები მომატებულია, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია,“- განაცხადა გამყრელიძემ.