არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ვერ დახარჯა.
მათი ინფორმაციით, მერიამ შრომის ანაზღაურებაში 22 მილიონი ლარი დახარჯა და მხოლოდ 200 ათასი ლარით ჩამორჩა გეგმას, კულტურა ახალგაზრდობა და სპორტი – 95.8 %-ით შესრულდა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილი – 93.8 %-ით.
მთლიანობაში 2019 წელს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართლებით 17.5 მილიონი გამოიყო და 1.1 მილიონი აუთვისებელი დარჩა.
მაგალითად – მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მოქალაქეთა სოციალური პირობების შესაქმნელად ბიუჯეტში 500 ათასი ლარი იდო, საიდანაც თითქმის მეოთხედი აუთვისებელი დარჩა. დაახლოებით მეხუთედი აუთვისებელი დარჩა დროებითი ღამის თავშესაფრის კატეგორიაში.
მუნიციპალური ბიუჯეტიდან 06 00 პუნქტზე (ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა) გამოყოფილი თანხიდან შეუსრულებლად დარჩენილი 1.1 მილიონიდან შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ 13,6 ათასი მოდიოდა. რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა ამ პუნქტზე ვერ დახარჯა მილიონზე მეტი, თუმცა ხელფასების ნაწილში გეგმას არ ჩამორჩა. ქალაქის ბიუჯეტიდან ხელფასებზე მესამედით მეტი დაიხარჯა და აუთვისებელი ხუთჯერ ნაკლები დარჩა.
ვერდახარჯული 10 მილიონით შესაძლებელი იქნებოდა ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება.