ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას “ოცნებამ” ბოიკოტი გამოუცხადა

ბათუმის საკრებულოს რიგით მეორე რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა, რადგან სხდომას არ დაესწრნენ ქართული ოცნების დეპუტატები.

პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, ამიტომ მის არჩევას დღევანდელ სხდომაზე აპირებდნენ. სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოიწვიეს. მათი განმარტებით, თავმჯდომარის გარეშე საკრებულო უფუნქციოა, რაც ქალაქში კრიზისს ქმნის.

“ბათუმის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა, რომელიც მოიწვია ოპოზიციამ იმისთვის, რომ არსებული კრიზისი განმუხტულიყო. დღეს ამ კრიზისის დასრულებაში დაინტერესებულია მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პარტიები. ამ სხდომას ესწრებოდა ლელო, გახარიას გუნდი, ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამ სხდომაზე არ გამოცხადდა ქართული ოცნების არც ერთი დეპუტატი. სხდომა ჩაშლილია, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ლელოდან ირაკლი კუპრაძემ ფორმულასთან საუბრისას.

ქართულ ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, თენზიც აფხაზავა აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა “ქუჩის ოპოზიციად” რჩება, სხდომაზე განსახილველი საკითხები კი მათთვის მიუღებელი იყო.

“არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც წარმოდგენილია საკრებულოში, არ გადმოდგმულა შემხვედრი ნაბიჯი. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციული ძალაა, კვლავ აგრძელებს ასეთ დესტრუქციულ ქმედებას და რჩება ქუჩის ოპოზიციად. ამის დასტურია საკრებულოს თუნდაც პირველი სხდომა. ამის დემონსტრირება დღევანდელი სხდომა, როდესაც მათ დღის წესრიგში შეიტანეს ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი, რითაც დაადასტურეს, რომ ისინი არიან ქალაქის განვითარების მოწინააღმდეგეები”, – თქვა თენგიზ აფხაზავავ.