ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ალტ-ინფოს ოფისთან, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა მამაკაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.
ძალადობის დროს ალტ-ინფოს ოფისიდან რამდენიმე პირი გამოვიდა, რომლებმაც უცნობ პირს მხარი დაუჭირეს.
გიორგი კირთაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ჯერ კვერცხები ესროლა, შემდეგ კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარი სახელის თქმაც კი ვერ გაბედა.
“თავის სახელსა და გვარს ეს ადამიანი ასე საგულდაგულოდ მალავდა. ესე ლაჩრულად, როდესაც “ფორმულას” პირდაპირი ჩართვა გვქონდა მოგვეპარა და დაიწყო კვერცხების სროლა და შეურაცხმყოფელი შეძახილები ჩემი და ჟურნალისტის მიმართ. ამ დროს ვსაუბრობდი, რომ თუ ასე გაგრძელდა ბელარუსის გზას ვადგავართ-მეთქი, სადაც კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები არ არიან, ან გარბიან, ან კვდებიან, ან უგზო-უკვლოდ იკარგებიან. აქ მივყავართ იმ პოლიტიკას, რასაც ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ატარებს. სამწუხაროდ, ბათუმშიც კი იშოვეს ადამიანი,რომელიც ასე ლაჩარივით მოიქცეოდა. სახელი და გვარი არ თქვა და გაიქცა. საშინელებაა, როდესაც ადამიანები ამ მდგომარეობამდე მიჰყავს”ქართულ ოცნებას”,- თქვა გიორგი კირთაძემ.