აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავენ.
მისი განმარტებით, პროექტისთვის რამდნეიმე ასეული მილიონი ინვესტიცია განხორციელდება.
“ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე – უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთაშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური პროექტი სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, – განაცხადა რიჟვაძემ “იმედთან” ინტერვიუში.