ბათუმში ბარები და ღამის კლუბები იხურება

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბათუმში ბარები და ღამის კლუბები იხურება.  გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება ბათუმში კორონავირუსის  შემთხვევების მატებას და  საკონდიტრო მაღაზია „დონას”  კლასტერს უკავშირდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, ბათუმში არსებული კლუბ “კიბეს” წარმომადგენელიც, მიშო ბახტაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში კლუბის დაკეტვის შესახებ წერს.

” ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების რისკის გამო კლუბები და ბარები დაიხურება.”- წერს კომენტარებში მიშო ბახტაძე.

საკონდიტრო მაღაზია “დონას” ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა მათ შორის ერთ-ერთი თავად მაღაზიის მფლობელია. თანამშრომელთა ნაწილი, თვითიზოლაციაში, ხოლო ნაწილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს რომელბიც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონაში“, ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ბათუმში  უფასო PCR  ტესტირებისთვის კარავი  2 ადგილზეა განთავსებული. ერთი კარავი – ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდით არის. მეორე კარავი კი ახალ ბულვარში, რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედაა.  ჩვენი ინფორმაციით, ანბანის კოშკთან კიდევ ერთ კარავს განათავსებენ. ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან ღამის 10 საათამდეა შესაძლებელი.