ბათუმში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში ჩართული მოქალაქე დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი ადამიანი დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა”, -წერია უწყების განცხადებაში.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 7 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მცირე ზომის სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.