ბათუმში იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ბათუმში 21 დადასტურებული შემთხვევიდან, 1 იუსტიციის სახლის თანამშრომელია. მისი განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმში იუსტიციის სახლი დახურულია და შენობას დეზინფექცია უტარდება.

“ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი. გუშინ ღამით მოხდა მთლიანად შენობის დეზინფექცია. მოიაზრება დანარჩენი თანამშრომლის ტესტირება. ვისაც დაუდასტურდება, რომ არის ნეგატიური და ყველაზე ნაკლებ შემხებლობაში იყო ამ პიროვნებასთან, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. იუსტიციის სახლი დახურულია”,-აცხადებს  შავიშვილი.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 45 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 23 აჭარაში დაფიქსრიდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარა უკვე წითელი ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.