ბათუმში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 603 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ყველაზე მცირე ასაკის 32 წლის ქალია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 86-ის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 32 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ინსულინდამოკიდებული იყო.

რაც შეეხება 45 წლის გარდაცვლილი პაციენტს, ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას, მისი თანმხლები დაავადება ესენციური ჰიპენტეზია იყო.

ბოლო 24 საათში აჭარაში, ასევე გარდაიცვალა 55  და 57 წლის კოვიდინფიცირებული კაცი, უწყების ინფორმაციით, მათგან ერთს გულის ათეროსკეროზი და უკმარისობა, მეორეს კი არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 32 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გუშინ, 13 ნოემბერსაც გარდაიცვალა.