სასამართლომ ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევაში ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების მიმართ პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის ალექანდრე ძირკვაძის თქმით, ბრალდებულებმა შენიშნეს კედლების მოძრაობა, მისი გამაგრება სცადეს, შემდეგ კი შენობა დატოვეს.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფები გულგრილად მოიქცნენ და ისინი სამუშაოს ნახაზის მიხედვით მოქმედებდნენ. სასამართლო პროცესი პირველ დეკემბერს ჩაინიშნა.
8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. ერთი დაშავებულის მდგომრეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, ის გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.
გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა.