ბათუმში პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა. აქტივისტები რუსული საკრუიზო გემის დასახვედრად ემზადებიან

რამდენიმე საათში ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი უნდა შემოვიდეს, რომელიც სოჭიდან გამოვიდა და თურქეთის სანაპიროს გავლით ბათუმში მოდის. ბორტზე ასეულობით რუსეთის მოქალაქე იქნება. ლაინერის დასახვედრად ემზადებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, თუმცა ბათუმის პოლიციამ ბათუმის პორტისკენ მიმავალი გზები გადაკეტა.

“ამ წუთას პოლიციამ ბათუმის პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა. ასე იცავენ ოკუპანტებს ჩვენ ქვეყანაში”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ბატიაშვილი წერს და ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

აქტივისტები საპროტესტო  შეკრებას ღამის 12:00 საათიდან იწყებენ და პორტში გამთენიისას შემოსულ ლაინერს პროტესტით დახვდებიან.

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande–ს პირველი რეისი  საქართველოში 27 ივლისს შედგა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში  საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.