ბათუმში საპროტესტო აქციაზე 30 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, პოლიციამ ბათუმში აქციის დროს 30 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 7 მაისს დაკავებული 2 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას ცენტრალური გზის გადაკეტვას შეეცადნენ.

სამინისტრო კადრებსაც ავრცელებს, რომელშიც მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. უწყების ცნობით, დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საპროტესტო აქციას ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მართავენ.  წულუკიძის ძმის მტკიცებით, ისინი პოლიტიკური მოტივით დააკავეს, რადგან ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ფირუზ ბოლქვაძის განმარტებით, ამ საქმეში ფიგურირებს სუს-ის მფარველობის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ბიზნესმენი. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.