ბათუმში შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

“ახალ კორონავირუსზე რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის “ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში” მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში, 185 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. ამასთან, მიზნობრივი, გეგმური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის 99 მებაჟე ოფიცერს.

გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს. აღსანიშნავია, რომ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ განხორციელდა ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას”, – წერია უწყების განცხადებაში.

დღეს, 8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი, 45 შემთხვევა გამოვლინდა.