შინაგან საქმეთა სამინისტრმ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.
“რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა”. – აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, დაკავებული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის იძებნება, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.