ბათუმში 22 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა. მედიკოსები თანმხლებ დაავადებებზე საუბრობენ

ბათუმში 22 წლის გოგო გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსს ასახელებენ. მედიკოსები ამბობენ, რომ მისი ფილტვების დაზიანების ინდექსი 18-20%-ს შეადგენდა.

“ეს გოგო 22 წლისაა. 12 დეკემბერს შემოვიდა ჩვენს კლინიკაში და ფილტვის დაზიანების ინდექსი კომპიუტერული კვლევის შედეგად უკვე ჰქონდა 18-20, მაშინ როცა მაქსიმუმი 24-ია. ანუ უკვე ორმხრივი რთული პნევმონიით, რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სამწუხაროდ, დღეს 12 საათზე გარდაიცვალა”, – ამბობს ცირა აბულაძე, კლინიკა “ ბაუს” პიარი, სადაც გოგო ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

ასევე, მედიკოსები გართულების გამომწვევად პაციენტის ჭარბ წონასაც ასახელებენ, ჯანდაცვის ექსპერტები კი ამბობენ, რომ 22 წლის გოგოს გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ მასშტაბებზე, რის წინაშეც ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის შემდეგ დგას. მათი თქმით, სამინისტროში კოვიდპანდემიის მართვას ვერ ახერხებს.