ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თანახმაა. თეთრი სახლის განცხადებით, თუ მანამდე რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, პრეზიდენტების შეხვედრა შედგება.
“როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, მზად ვართ, გავაგრძელოთ დიპლომატია შეჭრის დაწყებამდე. სახელმწიფო მდივანის, ბლინკენისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის შეხვედრა დაგეგმილია ამ კვირის ბოლოს ევროპაში, იმ პირობით, რომ რუსეთი არ განაგრძობს სამხედრო მოქმედებებს.
პრეზიდენტი ბაიდენი, პრინციპში, დათანხმდა ამ ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, თუ არ შეიჭრება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ, დავაწესოთ სწრაფი და მძიმე შედეგები, თუ რუსეთმა ომი აირჩია. და ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის ძალიან მალე”, – წერია თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებაში.
პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის შესახებ ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის, რომელმაც გუშინ ორივე ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა.
CBS News-ის ცნობით, აშშ-ს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღეს. გამოცემა დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ ახლა მეთაურები ადგენენ კონკრეტულ გეგმას, როგორ განახორციელონ მანევრირება ბრძოლის ველზე თავიანთ სექტორებში.
ცნობისთვის, უკრაინის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. რუსეთს დაახლოებით 150 ათასი ჯარისკაცი შეკრებილი ჰყავს საზღვართან და დონეცკისა და ლუგანსკის კონტროლირებადი რეგიონებიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებს ბომბავს. უკრაინის ცნობით, რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმებებს. უკრაინის მხარეს არის მსხვერპლი – დაიღუპა 2, ხოლო დაიჭრა 4 ჯარისკაცი