შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირმა და კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა კონგრესიდან. მოგვიანებით, აღნიშნული ასევე დაადასტურა პრემიერის ოფისმაც, “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. ამ ინფორმაციაზე, პრემიერის ოფისი აცხადებს, რომ “სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა”.
აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე.
“ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.
“ამერიკის ხმა” აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, მასალის გამოქვეყნებასთან ერთად. პრემიერ-მინისტრის ოფისი, როგორც ავღნიშნეთ, პასუხად ადასტურებს მიღებაზე მოსაწვევის გაუქმებას და დასძენს, რომ “სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა”.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის, ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, როგორც წესი, მიღებაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ლიდერები, გარდა ისეთი ქვეყნებისა როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მიიღო, სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-საქართველოს ყველა ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ პროცესში, საქართველოს ათობით მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირს და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. შეჩერდა ფინანსური დახმარება, რომლითაც პირდაპირ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა. გასულ კვირაში კი, ხაზინის დეპარტამენტმა, სანქციები დაუწესა ოთხ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურს. ასევე, “ალტ-ინფოს” დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძეს.