ბაიდენი და პუტინი უკრაინის შესახებ ვიდეოშეხვედრას გამართავენ

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოზარით ისაუბრებენ. საუბარი უკრაინის საზღვართან რუსეთის მოქმედებებს შეეხება.

“პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ზარისას ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ უკრაინის საზღვართან და კვლავ დაადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,” – ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

ცნობისთვის, აშშ-მ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა რუსეთი ქვეყანაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, რადგან უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა მობილიზებული.

გარდა ამისა, 26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

აშშ-მ უკრაინას უკვე მიაწოდა გარკვეული სამხედრო დახმარება, რუსეთი კი გააფრთხილა, რომ უკრაინაზე თავდასხმა მათთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.