ჟენევაში გუშინ აშშ–ს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ორივე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შედეგებით კმაყოფილია. თუმცა, მსოფლიო პრესის დიდი ნაწილი, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს სამიტს თვლის, რომ ყველაზე ფასეული ამ შეხვედრაში თავად შეხვედრის ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არსებითად მხარეებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ერთმანეთს მოუსაზღვრეს, რა არის დაშვებული და რა არა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებები“ დაახლოებით ისე წარიმართა, როგორც რუსული მხარე ელოდა“, თეთრი სახლის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ დისკუსია ბაიდენსა და პუტინს შორის არაკონფრონტაციული იყო.
მოლაპარაკებები შეაფასა აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც, რომელიც მსგავს ფორმატში პუტინს 2018 წელს შეხვდა. მან თქვა, რომ ვაშინგტონმა ჟენევის სამიტისგან ვერაფერი მიიღო, რუსეთი კი პირიქით, მოგებული აღმოჩნდა.
ვნახოთ რას წერს შეხვედრაზე მსოფლიო მედია და როგორ აფასებენ მას აშშ–ს კონგრესის რესპუბლიკელები და დემოკრატები.
მთლიანობაში, ჟენევის შეხვედრაზე მედიის შთაბეჭდილებას ყველაზე კარგად New York Times–ის სტატიის სათაური გამოხატავს: “ბოდიში ბაიდენ, მაგრამ პუტინს საერთოდ არ ანაღვლებს“
სტატიაში მოწვეული ავტორი, კომერსანტის კორესპონდენტი ელენა ჩერნენკო მსჯელობს იმაზე, რატომ მიიღო ვლადიმერ პუტინმა ბაიდენის მიწვევა მაშინ, როცა ვარაუდობდა, რომ შეხვედრა ძირითადად შეიძლება ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საჯარო ნოტაციების კითხვას დამსგავსებოდა.
მისი თქმით, კრემლმა მიწვევას მაშინვე არ უპასუხა და მოცდა ამჯობინა. შესაძლოა პუტინს უნდოდა ურთიერთობების დეესკალაციის შანსი გამოეყენებინა, თუმცა არის კიდევ ერთი აშკარა მიზეზი – მას ბაიდენის საერთოდ არ ეშინია.
რაც არ უნდა თქვას ბაიდენმა, რა სანქციებიც არ უნდა შემოიღოს მისმა ადმინისტრაციამ, პუტინმა იცის, რომ მისი პოზიციები რუსეთში ურყევია, მისი პოპულარობა კი ქვეყნის შიგნით ოპოზიციაზე ბოლო შეტევის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა.
მარტივად რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენი სიცარიელეს ელაპარაკება. ის გამოხმაურებას რუს ლიბერალებშიც კი ვერ პოვებსს, რომლებიც კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე ქადაგებენ.
ბევრ მათგანს დასავლეთზე, და განსაკუთრებით აშშ–ზე იმედები ჯერ კიდევ იუგოსლავიის დაბომბვისა და ერაყში შეჭრის შემდეგ გაუცრუვდათ. სხვები შოკში ჩააგდო WikiLeaks–ში გაჟონილმა ინფორმაციებმა, რომლებმაც ამერიკული სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციებს მოჰფინა ნათელი. ბევრი კი თვლის, რომ დონალდ ტრამპმა სერიოზულად შეარყია აშშ–ს რეპუტაცია.
ასეთი განლაგების ფონზე პუტინი ბაიდენთან შეხვედრაზე ყოველგვარი რისკის გარეშე წავიდა. რაც შეეხება დასავლეთში დამკვიდრებულ მის იმიჯს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პუტინს ეს საერთოდ არ ანაღვლებს – წერს New York Times.
თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ რომ შეხვედრის ინიცირებისას ბაიდენს საკუთარი მიზნები ქონდა და სრულიად კმაყოფილია შედეგებით – წერს New York Times უკვე სხვა სტატიაში.
“მე გავაკეთე ის, რისთვისაც მოვედი“ – ციტირებს გამოცემა ამერიკის პრეზიდენტს და შემდეგ მისი ქცევის ანალიზს აკეთებს:
“დიპლომატიური პროტოკოლი სრულად იყო დაცული. გაისმა სწორი სიტყვები საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობაზე, მაგრამ როცა საქმე შეეხო ურთიერთპრეტენზიებს, ბაიდენი ერთი ნაბიჯით შორს წავიდა – მან ღიად გაფრთხილა პუტინი, რომ ყოველ ქმედებას უკუქმედება მოჰყვება.
პრესკონფერენციაზე შეხვედრის შემდეგ აშშ–ს პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ რა თქმა უნდა, არ ყოფილა არანაირი პირდაპირი მუქარა, მაგრამ პუტინს არ დარჩა ეჭვი, რომ აშშ მზად არის ძლიერი პასუხი გასცეს არამეგობრულ ნაბიჯებს, კერძოდ კიბერშეტევებს ან სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას“– წერს გამოცემა.
ბრიტანული Guardian ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ახერხებს პუტნი ჯერ კიდევ დასავლეთთან დიალოგის წარმოებას, მიუხედავად უკრაინაში შეჭრისა, ინგლისში, სოლსბერიში “ნოვიჩოკის“ გამოყენების შემდეგ, ალექსეი ნავალნის დევნის, ამერიკულ არჩევნებში ჩარევისა და ლუკაშენკოს მხარდაჭერის შემდეგ.
და ასეთი “თაიგულის პირობებში“ რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა: თავი უფრო თავისუფლად ეჭირა ვიდე მის თანამოსაუბრეს, ციტირებდა ტოლსტოის და თავს უფლებას აძლევდა მისთვის არასასურველი თემების იგნორირება მოეხდინა. მაგალითად, ნატოში უკრაინის შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ უბრალოდ არ აპირებს ამის განხილვას.
ჯო ბაიდენი კი პირიქით, მუდმივად მობილიზებული იყო. მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა 2018 წლის ჰელსინკის სიტუაციის გამეორება, როცა პუტინმა “დონალდ ტრამპი თავის ჭკუაზე ატრიალა“– წერს გარდიანი.
ჟენევაში გადაწყდა, რომ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავდნენ. თავიდანვე ისე დაიგეგმა, რომ პუტინი ადგილზე პირველი მისულიყო, რათა ბაიდენს მისთვის ლოდინი არ დასჭირვებოდა.
ღონისძიების მთელი ორგანიზება იმაზე მეტყველებდა, რომ მხარეები არ ელოდნენ არავითარ გარღვევას და ამიტომაც არ დატოვეს მათთვის ადგილი. ყოველ მათგანს მკაფიოდ და იმპროვიზაციის გარეშე უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი.
და მართალია ბაიდენისთვის სამიტი უფრო რთული აღმოჩნდა, ის დარწმუნებულია, რომ თავისი მთავარი აზრი ოპონენტამდე შესანიშნავად მიიტანა – წერს ბრიტანული გამოცემა.
დასავლური მედიისგან განსხვავებით რუსული პრესა ძირითადად ქვეტექსტების ანალიზს თავს არიდებს და შეხვედრის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.
“კომერსანტი“ წერს, რომ პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა გულთან ახლოს მიიტანა, თუმცა ამას არ აღიარებს.
ეს მოსაზრება კარდინალურად განსხვავდება დასავლელი მიმომხილველების დაკვირვებისგან, რომელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ პუტინი დისტანციას ინარჩუნებდა და “განყენებულად“ იქცეოდა.
კომერსანტი საკუთარ დასკვნას ძირითადად იმას აფუძნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დეტალურად და გულითადად პასუხობდა შეხვედრის შემდეგ გამარულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს. განსაკუთრებით იმ შეკითხვებს, რომლებიც პირადად მას ეხებოდა.
მაგალითად, პუტინმა დღემდე უცნობი დეტალები თქვა ბაიდენის იმ გამონათქვამზე, როცა მან რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა.
“ამის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა დამირეკა, გარმატებები გავაკეთეთ ერთმანეთთან, მე ამ განმარტებებმა დამაკმაყოფილა. მან შემომთავაზა შეხვედრა. ეს ხომ მისი ინიციატივაა! ჩვენ შევხვდით. მორიგ ჯერზე დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი საკმაოდ გამოცდილი ადამიანია“– ციტირებს გამოცემა პუტინს.
ჯერ კიდევ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამ შეხვედრისგან რაიმე გარღვევა და შედეგი მოსალოდნელი არ იყო.
ამის მიუხედავად, უკვე დასრულებული შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელების ლიდერებმა აშშ–ს პრეზიდენტის საქციელი გააკრიტიკეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, მაიკ პომპეოს თქმით ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარებაზე.
“მან უფლება მისცა პუტინს გამოსულიყო, გაევრცელებინა რუსული პროპაგანდა და შეექმნა თანასწორობის შთაბედჭილება აშშ–სა და რუსეთს შორის.“– თქვა მან Fox New–ის ეთერში და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ლიდერმა რუსეთში ოპოზიციის ლიდერების ქმედებები 6 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შტურმს შეადარა.
“მის გვერდით რომ ამერიკელი მდგარიყო, ის შეძლებდა ეთქვა: “არა, ეს ის არ არის რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. ეს ტყუილია“– თქვა პომპეომ.
გაეროში აშშ–ს ყოფილი წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის თქმით ბაიდენმა ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია პუტინისთვის ამერიკულ მილსადენ Colonial Pipeline–სა და ამერიკის ყველაზე მსხვილი ხორცის მწარმოებელი კომპანიის, JBS–ის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ განხორციელებული კიბერშეტევების გამო. ამერიკული სპეცსამსახურების ვერსიით ამ შეტევების ორგანიზატორი ჰაკერები რუსეთში იმყოფებიან.
“ამის გაგება რთული არ არის – რუსეთი არასოდეს იქნება ჩვენი მეგობარი. არასოდეს არ უნდა ენდოთ რუსეთს, და ნათლად უნდა გააგებინოთ მათ, რომ ისინი საკუთარ ქმედებებზე პასუხს აგებენ“ – ამბობს ის.
გავლენიანი კონგრესმენის, მაიკლ მაკკოლის აზრით სამიტის წინ ბაიდენმა პუტინს მეტისმეტად ბევრი დაუთმო და სანაცვლოდ არაფერი მიუღია.
“რაც შეეხება მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი2“–ს, მან უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა პუტინს, როცა უფლება მისცა მშენებლობა დაასრულოს და ევროპული ქვეყნები რუსეთზე ენეგეტიკულად დამოუკიდებლები გახადოს“– უთხრა კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა New York Post-ს ინტერვიუში.
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აშშ–ს პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრის მომზადებისას არასწორ გათვლებში ადანაშაულებს.
“მან ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ვინ არის პუტინი.“ – უთხრა კონგრესმენმა Fox News–ს და დააკონკრეტა, რომ ბაიდენმა ვერ შეძლო ზეწოლა მოეხდინა რუსეთის პრეზიდენტზე რუსეთში ოპოზიციის დევნასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, დემოკრატი კონგრესმენები თვლიან, რომ თეთრი სახლის მეთაურმა შეძლო რუსეთის ლიდერთან შეხვედრაზე საკუთარი მიზნებისთვის მიეღწია.
“სრულიად კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ნათლად აგრძნობინა პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს, რომ მისი ადმინისტრაცია უპასუხოდ არ დატოვებს რუსეთის ქმედებებს“– ნათქვამია გავლენიანი დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებაში.