ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას გამოუყოფს, რაც უსაფრთხოებაზე იქნება მიმართული. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა. ჯო ბაიდენმა დღეს ვოლოდომირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საარტილერიო და სანაპირო დაცვის იარაღს, ასევე არტილერიისა და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.

„პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს, რომელიც უსაფრთხოებსკენ იქნება იმართული და მოიცავს დამატებით საარტილერიო, ასევე სანაპირო დაცვის იარაღს. ამასთან, საბრძოლო მასალას საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის, რაც უკრაინელებს დონბასში თავდაცვითი ოპერაციების მხარდაჭერისთვის სჭირდებათ“ – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ესწრებოდა. ნატოს წევრი და სხვა მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, სამხედრო კუთხით, უკრაინის საჭიროებსა და შემდგომ დახმარებაზე იმსჯელეს.

დღესვე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს დამატებით 225 მილიონდ დოლარს გამოუყოფს, ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„უკრაინელი ხალხის სიმამაცე, გამძლეობა და მონდომება, კვლავ შთააგონებს მსოფლიოს. ურყევი დარჩება შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ, მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის“ – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

ომის დაწყებიდან დღემდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, უსაფრთხოების კუთხით, დაახლოებით 5.6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. ხოლო კონგრესმა, ფისკალური წლის ბოლომდე, თეთრ სახლს რუსული აგრესიის შესაკავებლად უკრაინასა და რეგიონში, 40 მილიარდი დოლარის გახარჯვის ავტორიზაცია მისცა.