ბაიდენმა საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა, რადგან პარტნიორები არ უჯერებდნენ–აშშ–ს დაზვერვის ხელმძღვანელი

აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრძანება გასცა საიდუმლო გრიფი მოეხსნას დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინაპერიოდს გაანეკუთვნება, რადგან აშშ–ს ოფიციალური პირების განცხადებებს რუსეთის მხრიდან თავდასხმის მზადების შესახებ ამერიკის პარტნიორები და მოკავშირეები სკეპტიციზმით შეხვდნენ.

ამის შესახებ CNN-ის ცნობით,  აშშ–ს ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ჰეინსის თქმით, რუსეთის ფართომაშტაბიანი თავდასხმის წინ აშშ–ს დაზვერვის წარმომადგენლებმა ამერიკელ პოლიტიკოსებს სიტუაცია აუხსნეს, მაგრამ როცა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან, მათ არ დაუჯერეს.

“როცა ჩვენს პოლიტიკოსებს ავუხსენით რეალობა და ჩვენი პოლიტიკოსები თავის კოლეგებთან წავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ დიდი დოზით სკეპტიციზმი ჰქონდათ“–ამბობს აშშ–ს დაზვერვის შეფი.

“ამის შემდეგ პრეზიდენტი დაბრუნდა და გვითხრა: თქვენ უნდა გამოხვიდეთ და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაასაჯაროვოთ, ასევე დარწმუნდეთ, რომ ადამიანები იმას ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ, რომ ისევ შევძლოთ ურთიერთქმედება და გვქონდეს უფრო პროდუქტიული საუბრები იმის შესახებ, როგორ მოვემზადოთ პოტენციური რუსული თავდასხმისთვის უკრაინაზე“– ამბობს ჰეინსი.

ამერიკული ტელეარხი CNN წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზების პირველ ეტაპზე ბაიდენის ადმინისტრაციამ შერჩევითად გაასაჯაროვა და გამოაქვეყნა სადაზვერვო მონაცემები რუსეთის უკრაინაში ომის შესახებ. ეს მიდგომა რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეირჩა გლობალური მაშტაბით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ–ს პარტნიორებს და მოკავშირეებს დაენახათ რეალური სურათი, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.

ჰეინსმა განაცხადა, რომ აშშ დიდი რაოდენობით სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდა პარტნიორებს და მოკავშირეებს, და შეიმუშავა მონაცემთა გაცვლის მექანიზმი, რომლის გამოყენება მომავალშიც შეიძლება.