ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას მოთმინება დაკარგა და ხმას აუწია, როცა ზელენსკიმ მეტი იარაღი მოთხოვა–NBC

ერთ–ერთი სატელეფონო საუბრისას აშშ–ს პრეზიდენტმა ხმას აუწია და უკრაინის პრეზიდენტს შეახსენა, რომ აშშ–ს მოსახლეობა და მთავრობა ისედაც არსებით დახმარებას უწევს მის ქვეყანას.

ზელენსკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც 5 თვის წინ, ივნისში გაიმართა ამერიკული ტელეარხი NBC News ყვება და რამდენიმე წყაროს ეყრდნობა, რომელთათვისაც საუბრის შინაარსი ცნობილია.

ტელეარხის ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში პრეზიდენტი ბაიდენი მოუყვა ზელენსკის, რომ აშშ–ს ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ კიევისთვის 1 მილიარდიანი დახმარების გამოყოფა დაამტკიცა, რის შემდეგაც ზელესკიმ მაშინვე დაიწყო შეიარაღების ჩამოთვლა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიისგან დასაცავად ჭირდებოდა, და რომელიც უკრაინას იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ ქონდა მიღებული.

როგორც ტელეარხის წყარო ყვება, ამ დროს ბაიდენმა ხმას აუწია და უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ჯობდა მეტი მადლიერება გამოეჩინა უკვე აღმოჩენილი დახმარებისთვის, რადგან ამერიკელი ხალხი ისედაც ძალიან გულუხვი იყო, ქვეყნის ადმინისტრაცია და მისი სამხედრო უწყება კი უკრაინის დასახარებლად დაუღალავად მუშაობდნენ.

ტელეარხის ცნობით, აშშ–ს ნაციონალური უშიშროების საბჭომ უარი თქვა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. ზელენსკის წარმომადგენელმა კი კომენტარის მოთხოვნას არც უპასუხა.

NBC–ს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ აშშ–ს კონგრესში, თანაც ორივე პარტიაში, უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში, ასევე ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობაში არსებობს გარკვეული ფრუსტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციის მეტისმეტი სიზანტის გამო სამხედრო დახმარების შესახებ კიევის მოთხოვნების საპასუხოდ.

თეთრი სახლი თავიდან ვერ იღებს გადაწყვეტილებას ზოგიერთი ტიპის შეიარაღების მიწოდების შესახებ, რომელსაც უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს, და მხოლოდ კვირების და თვეების შემდეგ ემორჩილება ზეწოლას – ამბობს ტელეარხი.

უკრაინის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად თეთრმა სახლმა დღემდე არ მიაწოდა მას შორეული მოქმედების რადიუსის რაკეტები, ტანკები, ჯავშანმანქანები და ავიაცია, რასაც კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შიშით ხსნის.

ამერიკული ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, ივნისის სატელეფონო საუბრისას ბაიდენის მხრიდან უკმეხი ტონის გამოყენების შემდეგ ზელენსკის გუნდმა გადაწყვიტა დაძაბულობა გაენეიტრალებინა, რადგან მათი აზრით აშშ–ს პრეზიდენტთან დაპირისპირება არაპროდუქტიული იქნებოდა.