ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდი აღიარა. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მსხვერპლს პატივი უნდა მივაგოთ იმისთვის, რომ მომხდარი საშინელება ისტორიაში არ დაიკარგოს.
“დღეს, როცა ვგლოვობთ მათ, ვინც დავკარგეთ, მოდით მივაპყროთ თვალები მომავლისკენ – . ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ სიცოცხლეს, ვინც დაიღუპა ოსმანეთის ეპოქაში სომხების გენოციდისას და კვლავ ვიღებთ ვალდებულებას, აღარ დავუშვათ მსგავსი ბოროტმოქმედების განმეორება. ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა სომეხს, ვინც 106 წლის წინ დაწყებული გენოციდის შედეგად დაიღუპა.“ – თქვა ბაიდენმა მისი გამოსვლისას შაბათს, 24 აპრილს როცა სომხეთი და სომხური დიასპორა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ.
ჯო ბაიდენი აშშს პირველი პრეზიდენტია, ვინც სომეხთა გენოციდი აღიარა. ეს განცხადება სამართლებრივ შედეგებს არ გამოიწვევს, თუმცა შესაძლოა ბაიდენის ადმინისტრაციასა და თურქეთს შორის ურთიერთობა გააფუჭოს.
სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ სომხები მთელ მსოფლიოში დიდი ენთუზიაზმით მიესალმებიან გენოციდის აღიარებას. მის სიტყვებს როიტერი ციტირებს, რომლის მიხედვით სომხეთისთვის ეს უსაფრთხოების საკითხია, განსაკუთრებით კი გასულ წელს რეგიონში მომხდარი მოვლენების შემდეგ.
“დღეს აშშ–ს ხელისუფლებამ არაორაზროვნად დაადასტურა საკუთარი ერთგულება ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული ფასეულობებისადმი. აშშ–ს პრეზიდენტის გზავნილი დიდი წვლილია სომხების გენოციდის გლობალური აღიარების და გენოციდების აღკვეთის საქმეში“– განაცხადეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბაიდენმა სომხების გენოციდის აღიარების პირობა გასულ წელს, ამავე დღეს, წინასაარჩევნო კამპანიისას დადო.
“ჩვენ არ უნდა ვდუმდეთ ადამიანების ამ საშინელ, სისტემატურ დამცირებაზე. თუ არ ვაღიარებთ გენოციდს, არ გვემახსოვრება ის და არ მოვუყვებით მის შესახებ ჩვენს შვილებს, მაშინ სიტყვა – “აღარასოდეს “– მნიშვნელობას დაკარგავს“– თქვა მშაინ ბაიდენმა.
საკუთარი გეგმების შესახებ როიტერის ცნობით ამერიკის ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გააფრთხილა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე სამთვიანი მოღვაწეობის შემდეგ პირველად დაურეკა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მთლიანად უარყოფს აშშ–ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას.
“ჩვენ საკუთარი წარსულის შესახებ სხვებისგან არაფერი გვაქვს სასწავლი. პოლიტიკური ოპორტუნიზმი მშვიდობის და სამართლიანობის უდიდესი ღალატია. ჩვენ სრულად უარვყოფთ ამ განცხადებას,რომელიც მხოლოდ პოპულიზმს ემყარება.“– დაწერა ჩავუშოღლუმ ტვიტერზე.
თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ კალინმა ბაიდენს ურჩია ყურადღება მიაქციოს აშშ–ს წარსულსა და აწმყოს.
ბაქო აცხადებს, რომ ბაიდენის პოზიციას ისტორიის დამახინჯებად და ამის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებად თვლის.
1915-1923 წლის ტრაგიკული მოვლენების გენოციდად აღიარებისას ბაიდენმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ–ში სომხური დიასპორის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგადაც მიიღეს. მისი თქმით, სომეხი იმიგრანტები არასოდეს ივიწყებდნენ იმ ტრაგედიას, რომელმაც მათი წინაპრები ამერიკის ნაპირებთან მიიყვანა. ბაიდენმა თქვა, რომ ისინი პატივს მიაგებენ ისტორიას და ამ ადამიანების ტკივილს.
ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ–ში ოსმანეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობებს და დეპორტაციას ოფიციალურად სისასტიკეს (atrocity) უწოდებდნენ. სწორედ ამ სიტყვას იყენებდნენ ყველა ოფიციალურ განცხადებაში.
1981 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პროკლამაციაში პირველად უწოდა ამ მოვლენებს სომეხთა გენოციდი, თუმცა ამის შემდეგ აშშ–ს ყველა პრეზიდენტი ცდილობდა ეს სიტყვა არ გამოეყენებინა.
მთავარ მიზეზი როგორც მოგვიანებით პრეზიდენტ ობამას ერთ–ერთმა მრჩეველმა , ბენ როდსმა აღიარა, დიდი გეოპოლიტიკური მოსაზრებები იყო.
“ყოველ წელს ახალი მიზეზი ჩნდებოდა. თურქეთი ერთ–ერთი მთავარი მოთამაშე იყო ბევრი იმ საკითხის გადაწყვეტაში, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებოდით.“– თქვა მან.
ერთ–ერთი ასეთი მიზეზი 2019 წელს მოულოდნელად პრეზიდენტმა ტრამპმა გაახმოვანა. მან თქვა, რომ ინჯირლიკში აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაზე, სადაც ამერიკული და თურქული თვითმფრინავები იყო ბაზირებული, 50 ამერიკული ტაქტიკური ბირთვული ქობინი იყო განლაგებული.
თუმცა, ბოლო წლების მანძილზე ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები სულ უფრო იძაბებოდა. მთავარი მიზეზი 2019 წელს თურქული არმიის სირიაში შეჭრა გახდა. ასევე ერდოღანის გადაწყვეტილება რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსული სისტემების შესყიდვის შესახებ.
ამის შემდეგ აშშ–მ ანკარას მიმართ შემზღუდველი სანქციები შემოიღო, მოგვიანებით კი გამანადგურებელ F-35–ის შემუშავების პროგრამიდან თურქეთის გარიცხვის შესახებ განაცხადა.
“გენოციდის აღიარების გამოცხადება მოწმობს რეგიონში ამერიკის პოლიტიკის შემობრუნებას. მანამდე, 2019 წელს კონგრესმაც და სენატმაც აღიარეს გენოციდის ფაქტი. ასეთივე დეკლარაციები მიიღო აშშ–ს 49 შტატმა, თუმცა თეთრმა სახლმა მხოლოდ ახლა გადადგა მსგავსი ნაბიჯი“– ამბობს სომხეთის ამერიკის ნაციონალური კომიტეტის დირექტორი, არამ ჰამპარიანი.
თეთრი სახლის განცხადებას იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯია. ამის მიუხედავად, აშშ–ს პროსომხური მოძრაობის აქტივისტების თქმით ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს. ისინი თვლიან, აშშ–ს ადმინისტრაცია, რომელიც აქამდე ცდილობდა ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩარეულიყო, ახლა თურქეთთან ღია კონფრონტაციაზე წავიდა და რეგიონში სრულუფლებიანი მოთამაშე ხდება.
თანამედროვე თურქეთი არ აღიარებს გენოციდად 1915 წლის მოვლენებს, როცა ოსმანეთის იმპერიაში მილიონნახევრამდე სომეხი დაიღუპა, და ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების მიერ ამ მოვლენების გენოციდად აღიარებას, რადგან ეს მისთვის მტკივნეული საკითხია – ერთის მხრივ ნაციონალური ისტორიის ინტერპრეტაციას ნიშნავს. მეორეს მხრივ კი თურქებს ეშინიათ, რომ ამ აღიარებას შესაძლოა სომხეთისა და დიასპორის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნა მოჰყვეს.
რუსეთმა, საფრანგეთმა, კანადამ და ათეულობით სხვა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ სომეხთა გენოციდი აღიარა. მათ შორის ევროკავშირმა ევროპარლამენტის სახით.
თუმცა, ძირითადად მათ იურიდიულად არაფრისმთქმელი დეკლარაციები მიიღეს.
რაც შეეხება ბაიდენის განცხადებას: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს თქვა, რომ თუ პრეზიდენტი ბაიდენი 1915 წლის მოვლენებს გენოციდად ცნობს, ეს ისედაც დაძაბულ ამერიკულ–თურქულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააფუჭებს, არადა ეს ორი ქვეყანა ნატოში პარტნიორები არიან.
“იურიდიული ძალის არმქონე განცხადებებს დადებითი გავლენა არ ექნება, თუმცა ზიანის მოტანა შეუძლია ურთიერთობებისთვის. თუ აშშ–ს უნდა ურთიერთობების გაფუჭება, ეს მათი არჩევანია“ – ციტირებს ჩავუშოღლუს სააგენტო როიტერი.
თურქეთის საგარეო სამინისტრო ბაიდენის განცხადებას კანონიერი საფუძვლის არმქონეს უწოდებს და ამბობს, რომ აშშ ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს და ღრმა ჭრილობას ამწვავებს, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მეგობრობას ძირს უთხრის.