ბალკანეთის ცაზე ნატოს ამერიკული ბომბდამშენები გამოჩნდა

ბალკანეთის ქვეყნების ცაზე ნატოს საჰაერო ძალების ავიახომალდები გამოჩნდა. ორშაბათს, ორი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B52, ხორვატიის კურორტ დუბროვნიკში შენიშნეს. საჰაერო ხომალდებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეს სამთავრობო შენობებსაც გადაუფრინა, ასევე, ალბანეთის დედაქალაქ სკანდერბეგის მოედანს და მონტენეგროს ადრიატიკის ზღვის სანაპიროსაც.

ბალკანეთი და ადრიატიკის ზღვის რეგიონი, ბოლო პერიოდში, რუსეთის სამხედრო, სადაზვერვო და პროპაგანდისტული აქტივობის სამიზნეა. ხმელთაშუაზღვის რეგიონში ამ ქვეყნების განლაგების გამო, ისინი მოსკოვისთვის სტრატეგიული ინტერესის საგანია.

“თითოეული ასეთი გადაფრენის მიზანი არის იმის დემონსტრირება, რომ ამერიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ, საკუთარი ვალდებულებების ერთგულია”, – ვკითხულობთ ამერიკის საგაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სკოპიესა და ტირანაში, ისევე, როგორც დუბროვნიკსა და მონტენეგროში, მასშტაბური ბომბდამშენების სანახავად არაერთი მოქალაქე და ტურისტი შეიკრიბა. მათი ნაწილი ქუჩაში ამერიკული დროშებით გამოვიდა.

ჩრდილოეთ მაკედონია, ამ დროისთვის, ბოლო ქვეყანაა, რომელიც 2020 წელს ნატოში გაწევრიანდა. მანამდე კი, 2017 წელს, ალიანსის წევრი მონტენეგრო გახდა. ორივე მათგანის წევრობას მოსკოვი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა იოვან აზმანოვსკიმ ტელეარხ “კანალ 5”-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბომბდამშენების საჩვენებელი გადაფრენა სიმბოლური მტკიცებულება იყო იმისა, რომ “ჩვენი [ქვეყნების] ცა დაცულია”. მისი თქმით, ეს ყველაფერი ალიანსის წევრების დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიების კიდევ ერთი ნიშანი იყო. ტირანაში გადაფრენა “სტრატეგიულ სამხედრო დემონსტრირებად” და ერთიანობის სიმბოლოდ შეაფასეს.

წყარო: ამერიკის ხმა