ესტონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე 600 ბუნკერს ააშენებს, რათა შექმნას „თავდაცვის ხაზი“ რუსეთთან საზღვარზე. ანალოგიურ თავდაცვით ზონას აღმოსავლეთ საზღვარზე ლატვია და ლიტვა შექმნიან (ამ ქვეყნებში ობიექტების რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული).
„რუსეთი არის და დარჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ესტონეთის უსაფრთხოებისთვის. უკრაინის ომმა შეამცირა რუსეთის შეტევითი ძალა, მაგრამ, სხვადასხვა შეფასებით, იგი მზად არის აღადგინოს იგი ორ-სამ წელიწადში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და რაც შეიძლება გავზარდოთ ესტონეთზე თავდასხმის ფასი რუსეთისთვის“, – ციტირებს გამოცემა თავდაცვის სამინისტროს ვიცე-კანცლერის მრჩეველს, კაიდო ტიიტუსს.
ადგილზე ბუნკერების დამონტაჟება 2025 წლის დასაწყისში დაიწყება, წერს ესტონეთის ეროვნული მაუწყებლის პორტალი. ხელისუფლებამ მშენებლობა ჯერ მიწის მესაკუთრეებთან უნდა შეათანხმოს, რადგან თავდაცვის ხაზის უმეტესი ნაწილი კერძო მიწაზე გადის.