ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ – ნათია თურნავა

დღეს შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენ აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იაროსლავ ნარკევიჩთან გამართა ონლაინ შეხვედრა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი.

„ჩვენ ვემზადებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მოქალაქეების მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს,“ – განაცხადა მინისტრმა.