“ბამბის ომი“: ჩინეთი ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდებს ბოიკოტს უცხადებს

ჩინეთში დასავლური ტანსაცმლის ბრენდების წინააღმდეგ კამპანია ფართოვდება. დარტყმის ქვეშ მოხვდნენ ბრენდები H&M, Nike  და Adidas. სოციალურ ქსელებში ისმის მოწოდებები ამ ბრენდების ტანსაცმლის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. მასობრივი ბოიკოტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტანსაცმლის მსხვილმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს არ გამოიყენონ სინცზიანის ბამბა, რომლის მოყვანისას როგორც ისინი ამტკიცებენ უიგურების იძულებითი შრომა გამოიყენება. ჩინეთის ხელისუფლებამ ბრალდებებს უპასუხა.

სიუ გუიასანი, რომელიც სინცზიან–უიგურის ავტონომიურ რაიონს წარმოადგენს, ამბობს:

“ჩემი აზრით ისეთმა საწარმოებმა, როგორიც არის  H&M თვალი უნდა გაახილონ და სიმართლე ტყუილისგან გაარჩიონ. ვთვლი, რომ ისინი საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. რა მიზეზები არსებობს სანქციებისთვის? რა მტკიცებულებები არსებობს? ისინი ვარაუდობენ, რომ სინცზიანის ტექსტილის წარმოებაში იძულებითი შრომა გამოიყენება? სად არის ამის მტკიცებულება? ეს ყველაფერი ფსევდომეცნიერებსგან და მედიისგან მოდის, რომლებიც ფაქტებს ამახინჯებენ.“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ბამბის მინდვრებიდან კადრების დემონსტრირებას ახდენს და მიუთითებს, რომ მისი წარმოება სინცზიანში უკვე დიდი ხანია  მექანიზებული გახდა და მუშახელის დიდ რაოდენობას არ მოითხოვს.

დასავლური ქვეყნები არაერთხელ სდებდნენ ბრალს ჩინეთს უიგურების შევიწროებაში. 22 მარტს ევროკავშირმა ჩინეთის მიმართ სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევის გამო. პეკინში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას უპასუხოდ არ დატოვებენ.