“ბარემ საქართველოს გამოეყავით და ავტონომია გამოაცხადეთ!”,– ასე ეხმიანება რეჟისორი ქეთი დოლიძე ბიზნესის მიერ გამოთქმულ ინიციატივას, რომ საწარმოები წალენჯიხაში გადაიტანონ.
Facebook-ზე მას უპასუხა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც წალენჯიხაში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს.
“ქეთი შენ არ ამბობდი, სოფლებში წადითო? ხოდა, მივდივართ, თან საქმის კეთებას ვაჩვენებთ, როგორ უნდა კოალიციურად”,– დაწერა მამუკა ხაზარაძემ, დოლიძემ კი აღნიშნა, რომ “ქალაქელებს” არ მოუწოდებდა სოფელში გადასახლებისკენ.
ცნობისთვის, წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც მერი ოპოზიციის კანდიდატი, გია ხარჩილავა გახდა. ამის შემდეგ ბიზნესსექტორი წალენჯით დაინტერესდა, მათ შორის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დირექტორი, თემურ ჭყონია. ქალაქში საკუთრების შეძენას აპირებენ მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები.
მთავარმა არხმა ტელევიზიის იურიდიულ მისამართად წალენჯიხა მიუთითა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), წალენჯიხაში ახალ ოფისს – “დემოკრატიის ჰაბს” გახსნის.