საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ, ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს.
როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, დაკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც იგივეს ადასტურებს.
„კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს კამერები არის ჭიშკართან და ჩანს, რომ არავინ არსად გარბის. მოწმეებიც არიან დაკითხული, თუ როგორ მშვიდად მიდის ის ბავშვთან ერთად ტერიტორიიდან“, – აცხადებს ჭკადუა.