“სანქცია არის სასჯელი, რეაგირება რაღაც დარღვევაზე. როდესაც ვსაუბრობთ სანქციის შესაძლებლობაზე, მისი ამოქმედების წინაპირობაზე – რა მოქმედებასთან, რა კანონდარღვევასთან დაკავშირებით?!, – ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის ერთ–ერთ პუნქტში ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.
„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სასაცილო არგუმენტი, როდესაც 10-წამიანი სატელეფონო ზარი შედგა, რა ფაქტობრივ გარემოებებზე ვსაუბრობთ, როდესაც ამხელა მძიმე ბრალდებაზეა საუბარი და ისე მაღლა არის აწეული ბრალდების თამასა, რომ გავარჩიოთ, საგნობრივი რეაგირება მოვახდინოთ და უარვყოთ ეს არგუმენტი. ჩვენ არ გვაპირისპირებენ იმდენად წონად არგუმენტებს და ფაქტებს, რომ კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი მივცეთ“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მისი თქმით, თუ ეს პროცესი ასე განვითარდა და არ დაეყრდნო არანაირ საფუძველსა და მტკიცებულებით მასალას, დამატებითი განმარტებები გაკეთდება ბატონი ივანიშვილის მიერ.
“ბიძინა ივანიშვილი 4 მარტიდან არა გაცხადებული, არამედ გაუცხადებელი სანქციების პირობებშია.
ეს სიმშვიდე ჩვენზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს… ვინც ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი, განმახორციელებელი ან ორგანიზატორია, თითქოსდა მან შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში.
ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას.
მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ და გვაქვს საქმეზე პროგრესი ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურეს მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში” – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.