ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობას იხსენებს, რომელიც 2012 წლამდე ჰქონდა.
გიული ალასანია მაშინ ფესტივალ „ჩვენებურები“–ს პრეზიდენტი იყო, რომელიც საზღვარგარეთის ქართულ დიასპორებთან კულტურული კავშირების აღდგენასა და შენარჩუნებას, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწეოდა. ფონდი ქართუ ამ ფესტივალს ფინანსურად ეხმარებოდა. გიული ალასანიამ ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან ურთიერთობა ტვ პირველის ეთერში გაიხსენა.
“ბატონ ირაკლის ერთხელ შევხვდი დერეფანში, ხელი ჩამოვართვი და მადლობა ვუთხარი. სხვათაშორის, ისი მაშინ იმსახურებდა ამ მადლობას. ეს იყო 2004–2005 წელი. ეს ეხებოდა ჩვენს ფესტივალს. საერთოდ, მერე მახსოვ ბატონი ირაკლი ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა და ძალიან კმაყოფილიც იყო ხოლმე. გაგიკვირდებათ და მესიამოვნა კიდეც ეს თემა რომ წამოტივტივდა, კარგი საქმეები გამახსენდა, რომელიც ერთად გავაკეთეთ. არა მარტო ბატონ ირაკლისთან, ამ პროექტში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ერთხელ მახსოვს კიდევ, ვაკის პარკში კონცერტი ტარდებოდა, გაწვიმდა და ბატონი ირაკლი ქოლგით დამეხმარა“– თქვა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიამ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა:
“ერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას. კონსერვატორიაში რაღაც ხდებოდა. შევირბინე ერთი წუთით და ვიღაცამ მითხრა, ეს არის ბიძინან ივანიშვილიო და ვთხოვე გაეცნოთ. ეს ჩემი უკანასკნელი კონტაქტი იყო ფონდთან 2012 წელს“– თქვა ალასანიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ პირველის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების შესახებ კომენტარი 6 დღიანი პაუზის შემდეგ გააკეთა. მან ჩანაწერების ის ნაწილი თავისებურად განმარტა, სადაც ბერა ივანიშვილი ეუბნება, რომ მინისტრები დაურეკავენ. ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ ჩანაწერები ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ მას მთავრობის წევრებთან და მინისტრებთან ურთიერთობა 2012 წლამდეც უწევდა, როცა ქართუ ფონდის ხელმძღვანელი იყო. “მქონდა არაერთი შეხვედრა კულტურის მინისტრ ბატონ რურუასთან, თბილისის მერთან, მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და ქართუ ფონდში გვსტუმრობდა, აქედან გამომდინარე პასუხი ნათელია.“– თქვა ღარიბაშვილმა.