მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, სად არის ბადრი ესებუა.
“ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ ნახევარი მილიონი დოლარი? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?”,– მიმართა ელისაშვილმა გომელაურს კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
ალეკო ელისაშვილმა მინისტრობის კანდიდატს კითხვა დაუსვა ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეც.
“გრძნობთ თუ არა პირად და უწყებრივ პასუხისმგებლობას ქაქუთში მომხდარ მოვლენაზე, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა უამრავი მოძალადის წინააღმდეგ აბსოლუტურად დაუცველი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღარ მოხდეს?”, – იკითხა ალეკო ელისაშვილმა.