ბაქო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე „ანტიტერორისტული ღონისძიები” დაიწყო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, “ანტიტერორისტული” მოქმედებები დაიწყო.

აზერბაიჯანული უწყება აცხადებს, რომ ამას წინ უძღოდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მთიან ყარაბაღში საარტილერიო ცეცხლი გახსნა აზერბაიჯანის სამხედროებისთვის.

  • “სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველყოფის მიზნით, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის, გათავისუფლებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის, სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო მოსამსახურეებისა და სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, რეგიონში დაწყებულია ანტიტერორისტული ღონისძიება”. – ნათქვამია განცხადებაში.

სტეპანაკერტში აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანი ასევე აცხადებს, რომ მათი სამიზნე  მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა, არამედ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.